logo
ENG



მარიტა მუსელიანი: ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს კამპანია", უნდა განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა

27 მაი 202115:10
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორი მარიტა მუსელიანი განმარტავს, რომ "რიონის ხეობის მცველები" არ არიან ზოგადად ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები, თუმცა ითხოვენ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრას.

მარიტა მუსელიანმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ახსნა ისიც, თუ რატომ ისმის აქციებზე ლოზუნგი "ქართული მიწა არ იყიდება". ორგანიზატორის თქმით, ეს ხელშეკრულებაში ჩადებული კაბალური პირობების გამოძახილია, თუმცა თავად მსგავსი დამოკიდებულება არ აქვთ.

„ჩვენ არ ვართ "არა ჰესებს" კამპანია. ამიტომაც არის ჩვენს მოთხოვნებს შორის მორატორიუმი, რომ განისაზღვროს, ჰესი რა სახით და რა რაოდენობით უნდა აშენდეს, განისაზღვროს ენერგოპოლიტიკა. ამის მერე შეიძლება მსჯელობა ნებისმიერ ხელშეკრულებაზე დიდი ჩარჩო-დოკუმენტის ფარგლებში. 

ჩვენც მივესალმებით ენერგოდამოუკიდებლობას, ეს აუცილებლად საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის.

განცდა საზოგადოებაში ქართულ მიწასთან დაკავშირებით ამ პროექტს უკავშირდება. ისე მოხდა მიწების გადაცემა, რომ განსაზღვრული, ეს მართლა საჭიროა თუ არა, არ ყოფილა. გაჩნდა განცდა, რომ კეთდება ცუდი საქმე და ეწირება ქართული მიწა. ჩვენს მოთხოვნებში ამ სლოგანით ეს არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტის ბათილად ცნობას ჩვენც ვითხოვთ", - აცხადებს მარიტა მუსელიანი.

წამყვანის კითხვაზე მამა-შვილი ფალავანდიშვილების მონაწილეობაზე პროტესტში, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ ორგანიზატორების პოზიცია ცნობილია - აქციებში მონაწილე პირები უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და გარკვეული პირობების დაყენება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან არასწორია.

„ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს ; მომსვლელი ადამიანები უნდა იყვნენ თანაბარ მდგომარეობაში თანაბარი უფლებებით. გვაქვს მკვეთრი დამოკიდებულება, არ შეიძლება ერთი ჯგუფი მეორის მიმართ აგრესიას იჩენდნენ. იმას ვერ ვიზამთ, რომ ჩვენ მივანიჭოთ აგრესორის სტატუსი, მაგრამ ვერ მოვითმენთ, რომ ჩვენი პროტესტის ადგილი გახდეს ანგარიშსწორების ადგილი. სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფები მოდიან აქ და გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ აუტანლობას. სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფი მოდის და თავის პირობებს აყენებს ჩვენი მისამართითაც და სხვა ჯგუფებთან მიმართებითაც", - ამბობს მარიტა მუსელიანი.

სოფელ გუმათში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე მაკა სულაძესა და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრებს, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს, შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ არავის აქვს უფლება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს.

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.


close დახურვა